მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტი ახალ საგადასახადო კოდექსს განიხილავს. ამის შესახებ საქართველოს პრემოიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
"ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიზანია კერძო სექტორს ხელი შევუწყოთ რომ იყოს წამყვანი და სამუშაო ადგილები შექმნას. ხელისუფლება სწორედ ასე ებრძვის უმუშავრობის პრობლემას. ამასთან ანალიზისას გამოჩნდა, რომ ერთ ერთი მთავარი პრობლემა ბიზნესისთვის საგადასახადო კოდექსი იყო. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლების განმავლობაში საგადასახადო კოდექსში ბევრი ცვლილება შევიტანეთ მისი ბაზისი მაინც საკმაოდ მოძველებული იყო. ამიტომ საზოგადოებას სრულიად ახალ დოკუმენტს ვთავაზობთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ახალ საგადასახადო კოდექსზე კერძო სექტორთან ერთად მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა.
გილაური მოუწოდებს ყველა ბიზნესმენს, ინვესტორსა და დაინტერესებულ პირს ახალი კოდექსი მაქსიმალურად ყურადღებით წიაკითხონ და თავისი შენიშვნები და მოსაზრებები მიაწოდონ.
"ამ დოკუმენტში კერძო სექტორისთვის ბევრი სიახლეა. დამკვიდრდა ახალი ტერმინები მიკრო და მცირე ბიზნესი. ასევე წინასწარი გადაწყვეტილებები, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესმენს ფინანსთა სამინისტროს მიმართოს და მისთვის საინტერესო კითხვა დაუსვას. სამინისტროდან პასუხის მიღების შემდეგ კი ეს პასუხი შეუძლია კანონად გამოიყენოს. ასეთი ცვლილებები ძალიან ბევრია ახალ კოდექსში, რომელიც კერძო სექტორის განვითარებას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს", - განაცხადა გილაურმა.
მისივე თქმით, აუცილებელია, კოდექსის განხილვის პროცესი გამჭვირვალე იყოს და ამასში ბევრი დაინტერესებული ადამიანი ჩაერთოს.