ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაკითხა. უმაღლესი რადის დეპუტატს კითხვები დონბასის დეფაქტო ლიდერებთან შეხვედრის შესახებ დაუსვეს. „არ ვთვლი ნორმალურად, როდესაც პარლამენტის დეპუტატი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე სეპარატისტთა ლიდერებს ხვდება, შეხვედრის დროს ტელეფონი გამორთული აქვს და კონსპირაციულ მოლაპარაკებებს აწარმოებს,“-განაცხადა უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსმა ვასილი გრიცაკმა. სეპარატისტთა ლიდერებთან შეხვედრის გამო სავჩენკო პარტია ბატკივშინადან და საპარლამენტო ფრაქციიდან გარიცხეს. მას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატის მანდატიც ჩამოართვეს.