გერმანიის პოლიცია 24 წლის ტუნისელს ეძებს, რომელიც ბერლინში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ბიბისი გერმანულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება. ტუნისის მოქალაქის საბუთები სამართალდამცველებმა სატვირთო მანქანაში, მძღოლის სავარძლის ქვეშ აღმოაჩინეს. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ თავდამსხმელს თანამზრახველები ჰყავდეს და ისინი შეიარაღებულები იყვნენ. ამის გამო ბერლინში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. 23 წლის პაკისტანელი ახალგაზრდა, რომელიც მანამდე იყო დაკავებული, პოლიციამ დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა. საშობაო ბაზრობაზე სატვირთო მანქანა 19 დეკემბრის საღამოს შეიჭრა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.