ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა ევროპარლამენტთან 13 დეკემბერს მიღწეული შეთანხმება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. კორეპერის მიერ მიღებულ განცხადებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. „დღეს ევროკავშირმა ახალი წელი მოგვილოცა. ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საპარლამენტო კენჭისყრებს მწვანე შუქი აენთო. ახალი წლიდან ველოდებით ევროპარლამენტში ასევე აქტიურ პროცესს. ეს რთული და ხანგრძლივი პროცესი მალე დასრულდება,“-წერს მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელ ტვიტერში.