სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II თაოსნობით საქართველოს საპატრიარქომ და საქველმოქმედო ფონდმა „იავნანამ" უპრეცენდენტო პროექტის განხორციელება დაიწყო. საზოგადოების თითოეული წევრის მიერ ყოველთვიურად 1 ლარის შენაწირით თბილისში, მახათას მთაზე ღვთისმშობლის სახელობის ახალი სამონასტრო კომპლექსი აიგება.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ძალისხმევით ვისოლმა სხვა კომპანიებთან ერთად გამოხატა სურვილი ამ ეტაპზე მონაწილეობა მიიღოს პროექტის საინფორმაციო მხარდაჭერასა და პოპულარიზაციაში. ვისოლმა 5,000 ლარი გაიღო აღნიშნული მიზნის მისაღწევად. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს პროექტის მხარდაჭერასა და დამატებითი შენატანების მობილიზაციას პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია ვისოლი დაარსების პირველივე დღიდან ფონდი "იავნანას" აქტიური მხარდამჭერია და ერთობლივი პროექტების განხორციელების შედეგად არაერთ მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ბინა.
ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ვისოლის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. სხვადასხვა პერიოდში ვისოლის ავტოგასამართ სადგურებზე შეძენილი ყოველი 1 ლიტრი საწვავის ღირებულებიდან 1 თეთრი აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზიანებული ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის საეპისკოპოსოსა და სამონასტრო კომპლექსის აღდგენას მოხმარდა. ამას გარდა, ვისოლი პერიოდულად სხვადასხვა ეკლესია-მონასტრების დახმარებასაც ეწევა.