განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დედაქალაქისა და რეგიონების 200-მდე პედაგოგს ახალი სასწავლო წლისთვის დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
შაშკინის განცხადებით, ტრიმესტრულის სწავლების ნაცვლად ორ სემესტრზე გათვლილი ახალი სასწავლო პროგრამა იქნება. ასევე იცვლება საათობრივი ბადე, რაც ახალი სასწავლო დისციპლინების შემოღებამ განაპირობა. მომავალში მოსწავლეები შეისწავლიან ხელოვნების ისტორიას, გაივლიან სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების კურსს, მოხდება სპორტით ფიზკულტურის გაკვეთილების ჩანაცვლება და სხვ.
"ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეთა შეფასების სისტემა იცვლება, შესაბამისად სასკოლო ჟურნალებიც შეიცვლება. მოსწავლეთა შეფასება სამი კრიტერიუმით მოხდება: საშინაო, სასკოლო დავალებებისა და საკონტროლო სამუშაოების შესრულების მიხედვით. შეფასებები დაფიქსირდება შესაბამის სამ გრაფაში. ასევე სასკოლო სახელმძღვანელოებიც იცვლება, გამკაცრებული გრიფირების წესის მიხედვით შეირჩა მომავალი სასკოლო წიგნების საუკეთესო ნიმუშები", - განაცხადა განათლების მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, მასწავლებლის ეთიკის კოდექსზე მუშაობა დასრულდა. მალე ძალაში შევა მოსწავლისა და დირექტორთა ქცევის კოდექსებიც, რაც სკოლებში ურთიერთობებს დაარეგულირებს.
"სკოლების ბრენდირების პროგრამა იწყება. გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით სკოლებს მიენიჭებათ ვარსკვლავები, მათი რაოდენობა სკოლის წარმატებულობის განმსაზღვრელი იქნება. ბრენდირების კრიტერიუმები მრავალფეროვანია და სრულად მოიცავს იმ კომპონენტებს, რომელსაც თანამედროვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს. სკოლების ბრენდირების პროგრამა კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას ითვალისწინებს, რაც სწავლის ხარისხზე აისახება", - განუმარტა შაშკინმა პედაგოგებს.