საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და საკალათბურთო სუპერლიგას ახალი გენერალური პარტნიორი ჰყავს. ნაკრებისა და ეროვნული ჩემპიონატის გენერალური პარტნიორი აზარტული თამაშების კომპანია „ევროპაბეთი“ გახდა. საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და „ევროპა ბეთს“ შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა.
ფედერაციის მხრიდან მემორანდუმს ხელს პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძემ მოაწერა, ხოლო „ევროპაბეთისგან“ - კომპანიის დირექტორი მაია კოპინაძემ. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში „ევროპაბეთი“ უახლოესი 1 წლის მანძილზე ეროვნულ ნაკრებს და სუპერლიგას ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს.
სუპერლიგის გათამაშება მაისის ბოლოს დასრულდება, ივლისიდან კი ეროვნული ნაკრები შეიკრიბება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას დაიწყებს. ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი გეგმა შეადგინეს. მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები მთლიანობაში 3 საერთაშორისო ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას - ლიტვაში, საბერძნეთში და საქართველოში, თბილისის მერიის თასზე.
საქართველოს ნაკრების გაფართოვებულ შემადგენლობას გუნდის მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი ასისტენტებთან შეთანხმებით გაზაფხულზე დაასახელებს, რის შემდეგაც, კანდიდატები თბილისში შეიკრიბებიან და სლოვენიურ შეკრებაზე გამგზავრების წინ, 13-15 ივლისს სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.
პრესკონფერენციას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე, ევროპაბეთის დირექტორი მაია კოპინაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ეროვნული ნაკრების გენერალური დირექტორი და ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი ირაკლი ხოშტარია ესწრებოდნენ.