რიყეზე ე.წ. პანორამული კოშკის მონტაჟისა და დემონტაჟის საკითხს გრიფით საიდუმლო ადევს. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა გია ცაგარეიშვილმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და როგორც მან აღნიშნა, სწორედ ასეთი პასუხი მიიღო თბილისის მერის მოადგილის დავით ალავიძისაგან შეკითხვის საპასუხოდ თუ რა დაუჯდა თბილისის ბიუჯეტს აღნიშნული კოშკურის მონტაჟი და დემონტაჟი.
ცაგარეიშვილის განცხადებით, წერილი დათარიღებულია მიმდინარე წლის 2 ივნისით.
"მე მაინტერესებს რა საიდუმლოს უყურებდა ბატონი სააკაშვილი კობა სუბელიანთან ერთად იმ ატრაქციონიდან, რომლითაც წესით ბავშვები უნდა ერთობოდნენ. მაინტერესებს რატომ არის ატრაქციონის მონტაჟის და დემონტაჟის საკითხი გრიფით საიდუმლო", - აცხადებს ცაგარეიშვილი და განმარტავს, ამავე წერილში მითითებულია, რომ თუკი ცაგარეიშვილი მერიას წარუდგენს გრიფით საიდუმლო დოკუმენტაციაზე დაშვების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, პასუხს მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებს.
"მე ამ დოკუმენტის წარდგენას არ ვაპირებ, უბრალოდ მაინტერესებს რატომ არის ატრაქციონი სახელმწიფო საიდუმლოს შემცველი", - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.