ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები ზურაბ ვაზაგაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის განადგურებას აპროტესტებენ. ხვალ, შესაბამისი განცხადება დღეს, არსამთავრობო ორგანიზაციებმა "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ოფისში გააკეთეს. დღევანდელ ბრიფინგს ამ უკანასკნელის წარმომადგენლებთან ერთად, "საზოგადოებრივი დარბაზის", "დაიცავი საქართველოს", "ქართული აკადემიის", მოძრაობის "რატომ", "კოალიცია ჩვენი უფლებებისთვის", "სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის საზოგადოების", მოძრაობის "7 ნოემბერი", "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" და "ადამიანის უფლებათა ცენტრის" წევრებიც ესწრებოდნენ. განცხადების ტექსტი აღნიშნული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების სახელით დავით ლილუაშვილმა წაიკითხა.
განცხადების ტქესტის თანახმად, მემორიალი 1 ივნისს, არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადებისთანავე "მიხეილ სააკაშვილის, ან ვანო მერაბიშვილის პირად დაქვემდებარებაში მყოფმა ზონდერბრიგადებმა გაანადგურეს".
"ჩვენ, ქვემორე ხელმომწერნი, ვგმობთ ხელისუფლების მიერ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებიდან მეორე დღეს პოლიციელების მიერ მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის განადგურებას. საგულისხმოა, რომ 201 წლის 2 მაისს გახსნილი მემორიალური დაფა არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადებისთანავე გაანადგურეს, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ თითქმის ერთთვიანი "თმენა" ხელისუფლების მიერ გატარებული ფასადური დემოკრატიის კიდევ ერთი გამოვლინებაა. ამ ცინიკური და ღირსების შემლახველი აქტით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება საზოგადოებისადმი, უდანაშაულოდ მოკლული და ახალგაზრდებისადმი და მათი ოჯახების მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ტექსტის ავტორები ხელისუფლებისაგან დანაშაულის გამოძიებას ითხოვენ. მათი თქმით, მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე სათვალთვალო ვიდეო-კამერაა დამონტაჟებული და ნების არსებობის შემთხვევაში პოლიციას აღნიშნული დანაშაულის გამოძიება ადვილად შეუძლია.
"კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საკუთარ წუხილს და გულისტკივილს უდანაშაულოდ მოკლული ჩვენი ახალგარდა თანამოქალაქეების გამო, თანავუგრძნობთ მათ ოჯახებს და ვუცხადებთ სოლიდარობას. ვუერთდებით განადგურებული მემორიალის აღდგენის იდეას და მოვითხოვთ ამ ბარბაროსული აქტის გამოძიებას", - ნათქვამია ხსენებულ განცხადებაში.