საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი შეხვედრაზე საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს განიხილავენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განუცხადა, პრეზიდენტი სააკაშვილი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ სარკოზის, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში დელეგაციასთან ერთადაც შეხვდება.
"შეხვედრები დატვირთულია და საუბარი ყველა აქტუალურ საკითხს შეეხება. კერძოდ კი პრეზიდენტები პირველ რიგში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის, ასევე საერთაშორისო ურთიერთობათა ჭრილში აქტუალურ საკითხებს და საქართველოს და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების მოგვარების საკითხებზე იმსჯელებენ", - აღნიშნა ჯალაღანიამ.
მისივე შეფასებით, საფრანგეთი ევროკავშირის მნიშვნელოვანი წევრია და მისი მხარდაჭერა საერთაშორისო ასპარეზზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით გუშინ გაემგზავრა, რომლის ფარგლებში შეხვედრებს თავის ფრანგ კოლეგასთან, ქვეყნის პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს.