ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება. ბერლინში მიმდიუნარეობს გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები, პრემიერ-მინისტრები, ვიცე პრემიერ-მინისტრები, თავდაცვის მინისტრები, ნატო-ს ქვეყნების ელჩები, ნატო-ს უმაღლესი სარდლები, მათ შორის, ევროპაში ნატო-ს ძალების გაერთიანებული შტაბის სარდალი და თავდაცვისა და უსაფრთხოების დარგში წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები.
ვიცე პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა კონფერენციის სესიაზე, სადაც განიხილებოდა ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონებში უსაფრთხოების საკითხები.
გიორგი ბარამიძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის აგრესიულ პოლიტიკაზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციაზე, ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღევებსა და დეოკუპაციის პერსპექტივებზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებს და ამ სტრუქტურებში ინტეგრაციის დაჩქარების აუცილებლობას, ასევე საქართველო-ნატო-ს შორის არსებული მექანიზმების, კერძოდ წლიური ეროვნული პროგრამისა და ნატო-საქართველოს კომისიის ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას.
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით სერიოზული პროგრესი შეინიშნება. ხაზი გაესვა საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს, როგორც მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს, ასევე წინსვლას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და სხვადასხვა დარგში განხორციელებულ რეფორმებს.
კონფერენციაზე განიხილეს გლობალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, ახალი გამოწვევები და საფრთხეები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ ნატო-სა და ევროკავშირის როლი უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტაში. ხაზი გაესვა ევროკავშირისა და ნატო-ს ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან და ამ ორგანიზაციების როლს რუსეთ-საქართველოს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებაში. დისკუსიისას ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ღიად დააფიქსირა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის რეალური მიზეზები, ხოლო ლიტვის თავდაცვის მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს აცნობა, რომ ლიტვის პარლამენტის მიერ მიღებულია რეზოლუცია, რომელშიც დაფიქსირებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტი.
ვიზიტის ფარგლებში ვიცე პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვოლფ-რუტჰარტ ბორნთან. გიორგი ბარამიძემ ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და დეოკუპაციის პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში ევროკავშირისა და ჟენევის მოლაპარაკებების როლის გაძლიერებას, აგრეთვე შემუშავებული მექანიზმების რეალურად განხორციელების აუცილებლობას.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროპატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებზე და საქართველო ნატო-ს შორის არსებული მექანიზმების, კერძოდ წლიური ეროვნული პროგრამისა და ნატო-საქართველოს კომისიის ეფექტურად გამოყენების აუცილებლობაზე. Aასევე განიხილეს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები. საუბარი შეეხო ასოცირებული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების, საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისა და უვიზო მიმოსვლაზე კონსულტაციების დროულად დაწყების მნიშვნელობას. ხაზი გაესვა გერმანიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების, ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებისა და გერმანული ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობას.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას.
კონფერენციის ფარგლებში ვიცე პრემიერ-მინისტრმა არაოფიციალური შეხვედრები გამართა ლიტვისა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრებთან და ევროპაში ნატო-ს ძალების გაერთიანებული შტაბის სარდალთან, ასევე კონფერენციის მონაწილე ნატო-ს ქვეყნების ელჩებთან, სამხედრო წარმომადგენლებთან და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მომუშავე გლობალური კომპანიების ხელმძღვანელობასთან.