გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შესაძლოა, ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავოს. ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა.
გადაწყვეტილება მოლაპარაკების შემდეგ სამივე წამყვანი პარტიის ლიდერმა მიიღო, რისთვისაც კანდიდატმა მათ მადლობა გადაუხადა.
პრეზიდენტს გერმანიაში სპეციალური ორგანო, ფედერალური კრება ირჩევს, რომელიც 1260 დელეგატისგან შედგება. აქედან ნაწილი ბუნდესტაგის წევრები არიან, ნაწილი კი ფედერალური მიწების პარლამენტის წარმომადგენლები.
საპრეზიდენტო არჩევნები ფედერალურ კრებაში 2017 წლის 12 თებერვალს გაიმართება, მანამდე კი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე გააგრძელებს მუშაობას.