აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა აფხაზეთის ე. წ. უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, სხდომა გალის რაიონში არსებულ სიტუაციასა და სხვა საკითხებს მიეძღვნა.
"ძალოვანი სტრუქტურები ბოლო დროს მომხდარი ინციდენტების გამოძიებას აწარმოებენ. ამ დანაშაულებათა ხელწერა ძალიან ნაცნობია, ქართული კვალი ძალიან კარგად ჩანს", _ განაცხადა ბაღაფშმა და შესაბამის სამსახურებს დაავალა გალის რაიონში მონიტორინგის ჩატარება.
ამას გარდა, მან გასცა განკარგულება იმისა, რომ გალის რაიონში მომხდარი "ტერაქტების" საკითხი აფხაზურმა მხარემ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრებზე დააყენოს.
"მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ თუკი ქართული მხარე არ შეწყვეტს თავის დივერსიულ საქმიანობას, იძულებულნი ვიქნებით, ადეკვატური ზომები მივიღოთ. ტერაქტების ორგანიზატორებს უნდა ესმოდეთ, რომ ლოკალური დესტაბილიზაცია მდგომარეობის კიდევ უფრო გართულებამდე მიგვიყვანს იმ რეგიონში სადაც დევნილები დაბრუნდნენ", _ განაცხადა ბაღაფშმა.