"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" ორ კვირაში რეგიონებში გასვლას დაიწყებს. ამის შესახებ განცხადება მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარტიის რეგიონალურ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"უკვე ბევრ ადამიანს აქვს "დემოკრატიული მოძრაობის" იმედი, რადგან პარტიამ ხანმოკლე არსებობის განმავლობაში შეძლო ერთიანი გუნდის შექმნა. მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლებისა, პარტიის რიგები არავის დაუტოვებია", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძის შეფასებით, "დემოკრატიულმა მოძრაობამ" არსებული რეჟიმის შესაცვლელად თანმიმდევრული ბრძოლა უნდა დაიწყოს, რადგან სწორედ არათანმიმდევრულობა გახდა საწინდარი იმისა, რომ ოპოზიციამ აპრილის აქციები შედეგით ვერ დაასრულა.
"ხელისუფლება ვერ შეგვაშინებს, რადგან მათ თავად ეშინიათ ჩვენი. ვერ მოგვატყუებენ, ვერ მოგვისყიდიან, რადგან ჩვენ არ გვაქვს ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული. ყოველი დღე, რომელიც ხელისუფლებას სათავეში ყოფნას უხანგრძლივებს, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემების მოგვარებისგან აშორებს", - აღნიშნა ბურჯანაძემ.