ჩარლზ ჰეტფილდს შეერთებულ შტატებში „წვიმის გამყიდველის“ სახელით იცნობდნენ. 1902 წელს მან საიდუმლო სითხე შექმნა, რომლის დახმარებითაც წვიმა მოყავდა. ჯადოსნური სითხის დასამზადებლად ის 23 სხვადასხვა ნივთიერებას იყენებდა. სითხეს გიგანტურ კასრებში ასხამდნენ. ატმოსფეროში შერევის შედეგად ის წვიმას იწვევდა.
ჰეტფილდმა სითხის რეკლამირება დაიწყო, თუმცა კალიფორნიელი ფერმერები მის ახალ გამოგონებას სკეპტიკურად შეხვდნენ. ამის გამო ჩარლზმა თავის ძმა ბობთან ერთად ხის კოშკი ააგო, რომლის სახურავზეც გიგანტური კასრი დადგა და საჯარო ექსპერიმენტი ჩაატარა. შედეგმა არ დააყოვნა. გვალვით შეწუხებულმა ფერმერებმა სასწაული საკუთარი თვალით იხილეს.
წვიმის გამყიდველზე ჭორები კალიფორნიაში ელვის სისწრაფით გავრცელდა. 1915 წელს ჩარლზმა ხელი 10 ათასიან კონტრაქტს მოაწერა და სან-დიეგოელებს წყალსაცავის ამოვსებას დაჰპირდა. ამჯერად შედეგმა მოსალოდნელს გადააჭარბა. სან-დიეგოში მოსულმა წვირმა არათუ არხი ამოავსო, არამედ დასახლებული რაიონები დატბორა. სტიქიამ 20 ადამიანი იმსხვერპლა. წვიმით მიყენებულმა ზარალმა 3,5 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რის გამოც ჩარლზი სასამართლოში დაიბარეს. კალიფორნიის სასამართლომ ჰეტფილდი იმ მოტივით გაამართლა, რომ ადამიანს ბუნებრივი მოვლენების მართვა არ შეეძლო.
ამის შემდეგ ჩარლზის პოპულარობა იმდენად გაიზარდა, რომ მას დახმარება ჰონდურასის ხელისუფლებამ სთხოვა. ჯამში ჰეტფილდმა 500-ზე მეტი წარმატებული ექსპერიმენტი ჩაატარა.
ბიზნესი გამომგონებელს 30-იანი წლების ეკონომიკურმა კრიზისმა ჩაუშალა. მისი შემოსავლები იმდენად შემცირდა, რომ ბოლოს საკერავი მანქანების გაყიდვით ირჩენდა თავს.
ჰეტფილდი 1958 წელს გარდაიცვალა. საიდუმლო ფორმულა მან საფლავში ჩაიყოლა. სკეპტიკოსები მის მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტებს დღემდე არარეალურად მიიჩნევენ და ირწმუნებიან, რომ ექსპერიმენტის მოწყობამდე ის რეგიონის კლიმატს დაწვრილებით სწავლობდა.