დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია შეხვდა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ დირექტორს ვაჭრობის საკითხებში ანდერს ანლიდს, რომელიც ხელმძღვანელობს შვედურ-ქართული ბიზნეს-სემინარის ფარგლებში საქართველოში ვიზიტით მყოფ შვედურ დელეგაციის.
როგორც საგარეო უწყების პრესსამსახური იუწყება, შეხვედრისას განხილულ იქნა ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივა და საქართველოში მიმდინარე შვედურ-ქართული ბიზნეს-სემინარის მნიშვნელობა. ბიზნეს-სემინარი, რომელიც საქართველოში არსებული ეკონომიკური და საინვესტიციო გარემოს, აგრეთვე, საქართველოდან შვედეთში ექსპორტირების რეგულაციების გაცნობას ეძღვნება, ორ დღეს გასტანს.
საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირთან ვაჭრობის საკითხებს და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში მიღწეულ შედეგებს.