"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია 30 მაისის არჩევნებზე დფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებს თან მნიშვნელოვანი და მასშტაბური დარღვევები ახლდა. ამის შესახებ ალასანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან არჩევნების შუალედური ანგარიში წარმოადგინა.
"გავიდა ორი დღე, რაც არჩევნები ჩატარდა. ამ პერიოდის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის ანალიზმა ცხადყო, რომ არჩევნებს თან ახლდა მნიშვნელოვანი და მასშტაბური დარღვევები, რომლებიც მომავლისთვის აუცილებლად უნდა იყოს აღმოფხვრილი", - განაცხადა ალასანიამ.
მისივე განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეების გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენება და მათი გამოყენება საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით უკანონობასთან ერთად უზნეობაცაა. ალასანიას მტკიცებით, მმართველმა გუნდმა ხმების დიდი ნაწილი სწორედ ამ გზით მოიპოვა.
"ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე ზემოქმედება და კონტროლი მხოლოდ უკანონობა არ გახლავთ. უზნეობად მიმაჩნია ხელისუფლების მხრიდან უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეების გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენება და მათი გამოყენება საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიღებული ხმების დიდი ნაწილი სწორედ ამგვარი უსამართლო გზით არის მოპოვებული", - აღნიშნა ალასანიამ.