საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაც დათმო. ქართველები დუბლინში ირლანდიის ნაკრებთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ.
პირველ ტაიმში უპირატესობას საქართველოს ნაკრები ფლობდა და გოლის გატანის რეალური შანსიც ჰქონდა, თუმცა ქართველებს ფორტუნამ უმტყუვნა. მეორე ტაიმი კი ჩვენმა ნაკრებმა პასიურად დაიწყო და 56-ე წუთზე გოლიც გაუშვა. საჯარიმოში შექმნილი არეულობით სეამუს კოულმენმა ისარგებლა და ლორიას კარში ბურთი შეიტანა.
2 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები უქულოდაა. მომდევნო შეხვედრას ვაისის შეგირდები 9 ოქტომბერს კარდიფში უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.