"30 მაისის ადგილობრივ არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესრულებისკენ აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა კვლავ არსებობს და მოსაგვარებელია მთელი რიგი მნიშვნელოვანი ხარვეზები", - აღნიშნულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის დამკვირვებლების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, "სისტემური დარღვევები" მაინც შეინიშნებოდა არჩევნების დღეს ზოგიერთ რეგიონში. ამასთან, ბიულეტენების საარჩევნო ყუთებში ჩაყრის რამოდენიმე შემთხვევას და ხმების დათვლის პროცესში პროცედურულ დარღვევებსაც ქონდა ადგილი. მათი განცხადებით, ზოგ შემთხვევაში საარჩევნო გარემო "ნაციონალების" კანდიდატების სასარგებლოდ არათანაბარიც იყო.
"დამკვირვებლებმა საკანონმდებლო ბაზის და მისი განხორციელების ნაკლოვანებებიც აღნიშნეს და საარჩევნო გარემო დაახასიათეს, როგორც არათანაბარი მმართველი პარტიის კანდიდატთა სასარგებლო", - ნათქვამია განცხადებაში.
თუმცა დამკვირვებლების განცხადებით, 30 მაისის არჩევნებზე აშკარად ჩანდა, რომ ხელისუფლება პრობლემების მოგვარებას ცდილობდა.
"ეს არჩევნები გამოირჩეოდა აშკარა გაუმჯობესებით და ხელისუფლების მცდელობებით მოეგვარებინა პროცესის დროს წარმოშობილი პრობლემები. ახლა დროა, არსებული ხარვეზები გამოსწორდეს და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას რათა შემდეგი არჩევნებისთვის ჯერ კიდევ არსებული ხარვეზებიც დაიძლიოს", - განაცხადა OშჩE/ODIHღ-ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ოდრი გლოვერმა.