საქართველოში დემოკრატიამ მორიგი გამარჯვევა მოიპოვა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტი ეგზიტპოლების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას საარჩევნო შტაბში მივიდა. მან დემოკრატიის გამარჯვება ყველას მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ არჩევნებს ინტენსიურად აკვირდებოდნენ საქართველოს მტერიცა და მეგობრებიც.
"მაგრამ ყველაფერი მეორეხარისხოვანია ჩვენს ხალხთან შედარებით. ჩვენმა ხალხმა საოცარი მოწიფულობა გამოიჩინა. არ დაუტოვა არგუმენტი იმასაც, ვინც იძახდა, რომ ხალხი არ მოდის არჩევნებზე. რეკორდულად მაღალი გამოცხადება იყო", - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი მიესალმა ყველა პოლიტიკურ პარტიასა და კანდიდატს.
"მთავარი მადლობა ჩვენგან და დარწმუნებული ვარ, დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტებისგან ეკუთვნის მხოლოდ ერთადერთ მოქმედ პირს საქართველოში - ჩვენს მრავალეთნიკურ საზოგადოებას, ქართველ ხალხს", - აღნიშინა პრეზიდენტმა.
ეგიტპოლების წინასწარი მონაცემებით, გიგი უგულავა მერობის კანდიდატებს შორის 61 პროცენტით ლიდერობს, "ნაციონალურო მოძრაობა" - 60 პროცენტით.