"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი, მერობის კანდიდატი, ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ მოსახლეობის მიერ გაკეთებული არჩევნის შესახებ რეალური ინფორმაცია მხოლოდ ხმების დათვლის შემდეგ გაცხადდება. იგი "ალიანსის" ყველა წარმომადგენელს უახლოეს საათებში მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდებს, რათა დაცული იქნას თითოეული ამომრჩევლის ხმა. ეს განცხადება ალასანიამ ამ წუთებში ალიანსის საარჩევნო შტაბში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"სულ ნახევარი საათის წინ დაასრულა მოსახლეობამ კენჭისყრა. მივმართავ ალიანსის ყველა წარმომადგენელს, რომ თითოეულ ხმას ახლა სჭირდება განსაკუთრებული დაცვა და ვიდრე დაითვლება ხმები, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულნი", - განაცხადა ალასანიამ.
იგი აცხადებს, რომ ამ წუთებში რაიმე შედეგებზე საუბარი ნაადრევია, აღნიშნავს, რომ "ეგზიტპოლების შედეგები არ არის რეალური სურათი" და დასძენს რომ იგი შედეგების შეფასებას გააკეთებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება ამომრჩეველთა ხმების დათვლა.
"მხოლოდ ხმების დათვლის შემდეგ შევძლებთ გავიგოთ, თუ რა არჩევანი გააკეთა მოსახლეობამ და ამიტომ ყველა საარჩევნო კომისის წარმომადგენელს მოვუწოდებთ მობილიზაციისკენ, მაქსიმალურად დაიცვან ამომრჩეველთა ხმები", - განაცხადა ალასანიამ.
ალასანია შედეგებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს ცესკოს მიერ პირველივე მონაცემის გამოქვეყნებისას გააკეთებს. ცესკო კი პირველი განცხადების გაკეთებას დაახლოებით 211:00 საათისთვის გეგმავს.