ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი საჩივარი "ეროვნულმა საბჭომ" შეიტანა. საჩივარი "ეროვნული საბჭოს სახელით" ჩუღურეთის საოლქო საარჩვენო კომისიის "კონსერვატორული პარტიის" წევრმა მაკა სახურიამ და ბიძინა გუჯაბიძემ შეიტანეს.
გუჯაბიძის განმარტებით, ჩუღურეთის უბნებზე 11 პროპორციული და 5 მაჟორიტარული წესის დარღვევა დაფიქსირდა.
"საარჩევნო უბნებში ბიულეტენების შეტანა დაგვიანებით მოხდა, რაც კანონის დარღვევაა. ამასთან, უშიშროების წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ყველა ბიულეტენს თავისი კოდი აქვს და მისი ხელმეორედ დაბეჭვდა შეუძლებელია. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე უბნის ბიულეტინების მეორედ დაბეჭვდა მოხდა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" კარუსელებისთვის გამოიყენებს", - განაცხადა ჩუღურეთის საოლქო საარჩვენო კომისიის "კონსერვატორული პარტიის" წევრმა მაკა სახურიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭისყრა მთელი ქვეყნის მასშტაბით 08:00 საათზე დაიწყო. კენჭისყრა ტარდება 3694 საარჩევნო უბანზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით 73 ოლქის ტერიტორიაზეა განლაგებული.
ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების, ასევე ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საქართველოს 3 საარჩევნო ოლქში (№7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის) აირჩევენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებს.
თბილისის მერის არჩევნებში 9 კანდიდატი მონაწილეობს, თითოეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში კი - პოლიტიკური პარტიები და მათი მაჟორიტარი კანდიდატები. არჩევნებში მონაწილეობს 3 საარჩევნო ბლოკი და 14 პოლიტიკური სუბიექტი. კენჭისყრა გაგრძელდება 20:00 საათამდე. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცესკოს ცხელი ხაზი 51-00-51.