"ალიანსი" საქართველოს პრეზიდენტს საარჩევნო უბანზე გაკეთებული განცხადების გამო საარჩევნო კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებს და ცესკოს დაუყოვნებლივ რეაგირებას სთხოვს. ეს მოთხოვნა "ალიანსის საქართველოსთვის" საარჩევნო შტაბის სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე გააჟღერა.
როგორც მან აღნიშნა, "იმედის" პირდაპირი ეთერით გადაიცა პრეზიდენტის მიმართვა, რომელიც გაკეთდა ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ საარჩევნო უბნიდან. ეს კი, ჩიქოვანის თქმით, არის საარჩევნო კოდექსის პირდაპირი დარღვევა. ჩიქოვანი ცესკოს მოუწოდებს, დაუყონებლივ შეიკრიბონ და აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირება მოახდინონ.
როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, "ალიანსი" აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადებასაც მიაწვდის ინფორმაციას და იმედოვნებს, რომ პოლიტიკური შეფასებები მათი მხრიდანაც გაკეთდება.