დახურულ უბნებზე 12:00 საათამდე ერთი ადამიანი ხმას დაახლოებით 17 წამში აძლევდა, რასაც "ალიანსი" ხმის მიცემის პროცედურის აშკარა გაყალბებად მიიჩნევს. აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით განცხადება ალიანსის სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მან ჟურნალისტებს ოფიციალური სტატისტიკა გააცნო.
საბურთალოს #89 უბანზე 12:00 საათისთვის ხმა მიცემული აქვს 831 ამომრჩეველს. საბურთალოს #91 დახურულ უბანზე 12 საათისთვის დაფიქსირებულია 730 ამომრჩევლის მისერ ხმის მიცემა. საბურთალოს #92 დახურულ უბანზე 587 ხმა არის მიცემული. დიდუბის #56 დახურულ უბანზე 667 ხმა. დიდუბის #57 დახურულ უბანზე 678 ამომრჩეველი.
"უბრალო არითმეტიკითაც ადვილი გამოსათვლელია, რომ ამ მონაცემების თანახმად, თითო ამომრჩეველი ხმის მიცემას ანდომებდა საშუალოდ 17 წამს, რაც ტექნიკურად სრულიად გამორიცხულია და იმას ნიშნავს რომ ამ უბნებზე აშკარა გაყალბებას აქვს ადგილი", - განაცხადა ჩიქოვანმა. როგორც მან აღნიშნა, დახურულ უბნებზე ვითარებას ამძიმებს ის ფაქტიც, რომ დამკვირვებელთა ნაწილს ჩამორთმეული აქვთ ტელეფონები, რითიც ცდილობდნენ ფოტომასალის გადაღებას. მისი განმარტებით, დამკვირვებლებს ტელეფონები დილითვე ჩამოართვეს, თუმცა შემდეგ ნაწილს დაუბრუნეს, ნაწილს კი ამ დრომდე ჩამორთმეული აქვს.
ჩიქოვანის თქმით აღნიშნული საკითხი ალიანსის მიერ ზუსტდება და საზოგადეობას ინფორმაცია ეტაპობრივად დღის განმავლობაში მიეწოდება.