უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში აკვირდება არჩევნების მიმდინარეობის პროცესს. ჯგუფის ხელმძვანელის ეკა ზღულაძის განცხადებით, მიმდინარე არჩევნებში ყველაზე ხმაურიანი შემთხვევა წალკაში, სოფელ ოზნში მომხდარი ინციდენტია, სადაც საარჩევნო ყუთი გატყდა. ამის შესახებ ზღულაძემ დღეს, სასტუმრო "თბილისი-მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"დღის ყველაზე ხმაურიანი შემთხვევა ალბათ მაინც წალკაში, სოფელ ოზნში მომხდარი ინციდენტია. ამ საარჩევნო უბანზე გატყდა საარჩევნო ყუთი. აღნიშნულ უბანზე ხმის მიცემის პროცედურა შეწყდა და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ამჟამად მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვა", - განაცხადა ზღულაძემ.
ზღულაძე "საიას" საჩივარსაც შეეხო და განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ სახალგაზრდა იურისტების მიერ წამოჭრილი პრობლემა უკვე გადაჭრა.
"ამ დილით, საარჩევნო უბნების გახსნამდე, ახალგაზრდა იურისტების ასოციაციამ მოგვმართა საჩივრით, იმის თაობაზე, რომ მათ დამკვირვებლებს ორ სპეციალურ უბანზე (სამგორსა და ვაშლიჯვარში) არ მიეცათ მობილური ტელეფონებით შესვლის უფლება. თავდაცვის სამინისტრომ დროულად უზრუნველყო ამ პრობლემის გადაჭრა და "საია" აკვირდება არჩევნებს როგორც დაგეგმილი იყო", - აღნიშნა ზღულაძემ.
მისივე თქმით, უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ ორგანიზაციებთან მუდმივი კავშირი აქვს და არც ერთი მათი პრეტენზია არ დარჩება შესაბამისი რეაგირების გარეშე.