აღმოსავლეთ აზიის სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ფილიპინების პრეზიდენტი მორიგ სკანდალში გაეხვა. როდრიგო დუტერტეს ბარაქ ობამა უხამსი სიტყვებით შემოელანძღა. ფილიპინების ლიდერი ვაშინგტონის კრიტიკამ გააღიზიანა. ნარკომაფიასთან ბრძოლის გააქტიურების შემდეგ ფილიპინებში სპეცოპერაციების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ საგანგაშო მაჩვენებელს მიაღწია, რასაც თან ახლდა მასობრივი დაკავებები და დაკავებულთა უფლებების უხეში ფორმებით შელახვა. დუტერტეს მიერ ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ გამოცხადებულ ნულოვან ტოლერანტობას დასავლეთის მწვავე რეაქცია მოჰყვა, რამაც ფილიპინების პრეზიდენტი წყობილებიდან გამოიყვანა. დუტერტეს ბილწსიტყვაობის პირველი ადრესატი ბარაქ ობამა გახდა:
„კეთილი ინებე და პატივი გვეცი. ძუკნის შვილო, მე შენ სამიტზე კარგად შეგიკურთხებ!“
ამ სიტყვებით დუტერტემ ობამასთან აზიურ სამიტზე დაგეგმილი პირისპირ შეხვედრა პრაქტიკულად ჩაშალა. თეთრი სახლის ადმინისტრაციამ მეორე დღესვე განაცხადა, რომ ლაოსში ჩასული ობამა სამიტის ფარგლებში ფილიპინელ კოლეგას აღარ შეხვდებოდა, თუმცა დუტერტემ თავი ბოდიშით გამოიძვრინა. მომხდარი გაუგებრობისთვის მან მწუხარება გამოთქვა და განმარტა, რომ ჟურნალისტებმა მისი სიტყვები არასწორად გაიგეს. თეთრი სახლის ლოიალურმა ლიდერმა კოლეგის მობოდიშება მიიღო და კულუარებში მასთან რამდენიმე წუთიანი შეხვედრაც გამართა.
ინციდენტი ახალი ამოწურული იყო, როდესაც ფილიპინების პრეზიდენტმა გამოსალანძღად კიდევ ერთი სამიზნე შეარჩია. ამჯერად მისი ადრესატი გაეროს გენერალური მდივანი გახდა. დუტერტემ ბან კი მუნს „სულელი“ უწოდა:
„მე მოვუსმინე მას, როდესაც ადამიანის უფლებების დარღვევაში მადანაშაულებდა და ჩემთვის ჩავილაპარაკე- აი, კიდევ ერთი სულელი! მსგავსი ბოდვების მიუხედავად, კრიმინალებთან ბრძოლას მაინც გავაგრძელებ, რადგანაც მე ისინი არ მეცოდებიან!“
ის, რომ დასავლეთის ლიდერებს დუტერტე შეურაცხმყოფელ ეპითეტებს არასდროს აკლებდა, საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, თუმცა აღშფოთებისდა მიხედვით, ზოგჯერ მისი ბილწსიტყვაობა თავს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც დაატყდებათ ხოლმე. ასე იყო აშშ ელჩის, ფილიპ გოლდბერგის შემთხვევაში. ფილიპინების ლიდერმა მას „ძუკნის გაზრდილისა“ და „პიჟონის“ იარლიყი მიაკრა.
მანამდე კი იყო ყველასათვის ცნობილი რომის პაპის ინციდენტი. 2015 წელს, როდესაც დუტერტე ქალაქ დავაოს მერის პოსტს იკავებდა, მისი რისხვა თავს ფრანცისკ პირველს დაატყდა. მომავალი პრეზიდენტი პაპის ვიზიტის გამო გადაკეტილმა გზებმა გააღიზიანა:
„შოკში ვიყავით გზების პარალიზების გამო. როდესაც ვიკითხე, რა ხდებოდა, მითხეს, რომ გაზა გადაკეტილი იყო. რატომ მეთქი, ვკითხე. მიპასუხეს, პაპია ჩამოსულიო. რომის პაპო, შე ძუკნის შვილო, წადი სახლში და აღარასდროს ჩამოხვიდე!“
ამის გამო დუტერტემ საჯაროდ განაცხადა, რომ ვატიკანში ჩავიდოდა და პაპს პატიებას სთხოვდა, რითაც საზოგადოების ვნებათა ღელვას გასაქანი არ მისცა, თუმცა მოგვიანებით შორი მგზავრობა გადაიფიქრა და პაპს წერილობით მოუბოდიშა.
სკანდალური განცხადებებითა და ბილწსიტყვაობით გამორჩეულ პრეზიდენტს ხშირად იმპულსურობითა და ემოციურობით დონალდ ტრამპსაც ადარებენ. როდესაც „აზიელ ტრამპს“ ჰკითხეს, თუ რა განსხვავება იყო მასსა და ნამდვილ ტრამპს შორის, დუტერტემ განაცხადა:
„ის რეაქციონერია, მე- არა.“