საქართველოს-მონტენეგროს საკალათბურთო ნაკრების დაპირისპირება, დღეს 7 სექტემბერს 19 საათზე დაიწყება.
მონგენეგრო, რომელსაც ლეგენდარული მწვრთნელი, ბოგდან ტანიევიჩი წვრთნის, თბილისში 4 სექტემბერს ჩამოვიდა და ქართველებთან საბრძოლველად საგულდაგულოდ ემზადება.
მონტენეგროელები საქართველოს მსგავსად წაუგებლები არიან - ტანიევიჩის გუნდმა სლოვაკებს შინ, ალბანელებს კი სტუმრად მოუგო. საქართველომ კი პირიქით - სლოვაკეთში მასპინძლებს და თბილისში ალბანელებს იოლად სძლია. სლოვაკეთში 94:63 მოგებულ მატჩში დისკვალიფიკაცია მიიღეს ვიქტორ სანიკიძემ და ბესო ლეჟავამ. ეს ორივე კალათბურთელი მონტენეგროსთან მატჩში ითამაშებს.
„7 სექტემბერს მეტად საპასუხისმგებლო მატჩი გველის - ვეთამაშებით მონტენეგროს ნაკრებს, რომელიც ჩვენთან ერთად ჯგუფში პირველობისთვის იბრძვის. ორივე გუნდისთვს მძიმე მატჩი იქნება, რომლის მოგების შემთხვევაში 90 პროცენტით ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ. იმედი მაქვს, სპორტის სასახლე ბოლომდე გაივსება», აცხადებს საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია.
თორნიკე შენგელიას განმარტებით კი მონტენეგროს ყველა პოზიციაზე ჰყავს საკმაოდ კარგი მოთამაშეები და ასევე არც სათადარიგოები ჩამორჩებიან სასტარტოებს.
„ვიცით მათი ევროლიგაში მოთამაშე კალათბურთელები, ასევე ნბა-ს წარმომადგენელი. ერთი სიტყვით, მაღალი დონის გუნდია და უნდა გამოვიყენოთ მათი სუსტი მხარეები, რაც სწრაფად დაცვაში დაბრუნებაში გამოიხატება. ჩემს მზადყოფნას რაც შეეხება, ტრავმის შემდეგ 100 პროცენტით აღდგენილი არ მაქვს ფორმა, მაგრამ ხვალ საბრძოლველად მზად ვარ გამარჯვებითვის არაფერს დავზოგავ», განმარტავს შენგელია.
მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა მიმდინარებს საიტზე tkt.ge.