საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა მოსახლეობას 30 მაისის არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.
"მოგიწოდებთ მონაწილეობა მიიღოთ არჩევნებში. შეგახსენებთ, რომ "თავად ირჩევთ - თავად მართავთ", - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 30 მაისს "ჩვენს საზოგადოებას დემოკრატიის განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა მოუწევს".
მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ დაამთავრა მოსამზადებელი სამუშაოები და მზად არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შესაჯამებლად.
"ეს პროცესები იქნება საჯარო. ყველა დამკვირვებელს ექნება მასზე მონიტორინგისა და გაშუქების შესაძლებლობა. კენჭისყრის ფარულობა გარანტირებულია. საარჩევნო უბნები აღჭურვილია და მზად არის ამომრჩეველთა მისაღებად. ახლა ჯერი ამომრჩეველზეა", - განაცხადა ხარატიშვილმა.