იური ლევადას ანალიტიკური ცენტრი იმ არაკომერციული ორგანიზაციების სიაში შეიყვანეს, რომლებიც უცხოელი აგენტის ფუნქციას ასრულებენ. გადაწყვეტილება რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მიიღო. უწყების განმარტებით, ორგანიზაციის დოკუმენტაციის შემოწმებამ დაადასტურა, რომ ლევადა ცენტრი ნამდვილად უცხოელი აგენტის ფუნქციას ასრულებდა. ორგანიზაცია ცნობილმა სოციოლოგმა იური ლევადამ დააარსა და დღემდე ის რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და დამოუკიდებელ სოციოლოგიურ ორგანიზაციად ითვლებოდა. 3 წლის წინ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ლევადა ცენტრი უცხოეთიდან ფინანსდებოდა. მანამდე რუსეთის სახელმწიფო დუმამ სპეციალური დადგენილება მიიღო, რომლის თანახმადაც უცხოეთიდან დაფინანსებული ყველა ორგანიზაცია უცხოეთის აგენტებად ცხადდება.