ხვალ, 30 მაისს, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი გია ჭანტურია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმას ვაჟა-ფშაველას #61-ში მდებარე 151-ე სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანზე მისცემს.
ჭანტურია საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად 12:00 საათზე მივა.
30 მაისს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოების - საკრებულოების, ასევე ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საქართველოს 3 საარჩევნო ოლქში (№7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის) აირჩევენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებს.
თბილისელ ამომრჩეველს, პირველად, დედაქალაქის მერის პირდაპირი წესით არჩევის შესაძლებლობა ეძლევა. დედაქალაქის მოსახლეობამ არჩევანი თბილისის მერობის 9 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს.