30 მაისის არჩევნებისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 36 ადგილობრივი, 28 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა რეგისტრირებული.
ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ 8249, საერთაშორისომ - 1823 დამკვირვებელი წარადგინა.
კანონმდებლობის მიხედვით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ დამკვირვებელს უფლება აქვს განახორციელოს დაკვირვება ყველა დონის საარჩევნო კომისიაში. ხოლო ის ვინც რეგისტრაციას გაივლის საოლქო კომისიაში, მას უფლება აქვს მხოლოდ კონკრეტულ ოლქში განახორციელოს დაკვირვება.
დამკვირვებელს უფლება აქვს: კენჭისყრის დღეს თავისუფლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;
მოითხოვოს რეაგირება კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში; გაასაჩივროს საუბნო საარჩევნო კომისიის ქმედება ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში; დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახ¬სნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას;
გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს.
ორგანულ კანონზე დაყრდნობით ცესკო განმარტავს, რომ დამკვირვებელს არა აქვს უფლება: ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში; გავლენა მოახდინოს ამომრჩეველების ნების თავისუფალ გამოვლენაზე; აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ; ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი; კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;
ადგილობრივი ორგანიზაციებს შორის ყველაზე მეტი დამკვირებელი ეყოლებათ შემდეგ ორგანიზაციებს: ,,საზოგადოებრივ ინიციატივათა ალიანსი"- 1516 დამკვირვებელი, ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" - 1425 დამკვირვებელი და ,,ახალი თაობა - ახალი ინიციატივა"- 1226 დამკვირვებელი.
საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის _ ''ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოების საქართველოს ეროვნული სექციას" - 1108 დამკვირვებელი, ,,ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისს" - 424 დამკვირვებელი, "ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში" - 68 დამკვირვებელი, ,,ბრიტანეთის საელჩოს საქართველოში" - 51 დამკვირვებელი.