ევროკავშირის დადგენილებით, აშშ-ის ტექნოლოგიურმა კომპანია „ეპლმა“, გადაუხდელი გადასახადების კომპენსაციის სახით, 13 მილიარდი ევრო უნდა გადაუხადოს ირლანდიას, რადგან ეს კომპანია 11 წლის განმავლობაში უკანონოდ სარგებლობდა საგადასახადო შეღავათებით. ამ თანხას ბანკის საპროცენტო განაკვეთიც უნდა დაემატოს.
როგორც ევროკომისარმა კონკურენციის საკითხებში, მარგრეტე ვესტაგერმა განაცხადა, სამწლიანმა გამოძიებამ ცხადყო, რომ ირლანდიამ „ეპლს“ იმდენად დიდი საგადასახადო შეღავათი დაუწესა, რომ ევროპაში მიღებულ შემოსავალზე კომპანიის კორპორაციული საგადასახადო განაკვეთი 11 წელიწადში ერთი პროცენტიდან ერთ მეათასედ პროცენტამდე დაეცა. ვესტაგერის თქმით, ასეთი პოლიტიკა ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონებს სახელმწიფო ხელშეწყობის შესახებ. ირლანდიის მთავრობა აცხადებს, რომ „ეპლისთვის“ არავითარი შეღავათები არ დაუწესებია და კომპანიამ სრულად გადაიხადა კუთვნილი გადასახადები.
Apple ევროკომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, Apple ყოველთვის იცავდა კანონს და გადასახადს წესების სრული დაცვით იხდიდა.
„ჩვენ ევროკომიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას ვგეგმავთ და იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთი წესი არ დაგვირღვევია, დარწმუნებულები ვართ, რომ მის შეცვლას შევძლებთ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
Apple-ში მიიჩნევენ, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება ევროპის საინვესტიციო კლიმატსა და შრომით ბაზარზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას იქონიებს.
კომპანიაზე 13 მილიარდი ევროს ოდენობის ჯარიმის დაწესების ფაქტი ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომაც გააკრიტიკა. უწყებაში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ევროკავშირისა და აშშ-ის ეკონომიკურ თანამშრომლობას ზიანი მიაყენოს.