უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი სრულ სამედიცინო გამოკვლევას საჭიროებს. ამის შესახებ ნათქვამია უზბეკეთის მთავრობის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო მედიით გავრცელდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისლამ კარიმოვი სტაციონარულ მკურნალობას გადის, თუმცა დიაგნოზზე არაფერია ნათქვამი.
“სპეციალისტთა აზრით, სრულ სამედიცინო გამოკვლევასა და შემდგომ მკურნალობას გარკვეული დრო დასჭირდება”, - ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში.
უზბეკეთის პრეზიდენტის, 78 წლის ისლამ კარიმოვის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაცია 28 აგვისტოს გავრცელდა. დღეს კი, პრეზიდენტის შვილმა, ლოლა კარიმოვა-ტილიაევამ სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი მამა ინსულტის გამოა ჰოსპიტალიზებული.
“ტვინში სისხლის ჩაქცევის გამო ის ჰოსპიტალიზებულია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც სტაბილური”, - წერს კარიმოვა.
ცნობისათვის, ისლამ კარიმოვი უზბეკეთს 1989 წლიდან მართავს.