ზესტაფონის რაიონული პროკურატურის დახმარებით, 26 წლის ავთანდილ ხვინჩიაშვილი დასაქმდა. ის ქალაქ ზესტაფონში, შპს "მუხებში" სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებში მიიღებს მონაწილეობას და მისი ყოველთვიური ხელფასი 200 ლარამდე იქნება.
ავთანდილ ხვინჩიაშვილი ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირის მკვიდრია. იგი სისიხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით არის ნასამართლევი და აქვს პირობითი მსჯავრი სამი წლის გამოსაცდელი ვადით.
ზესტაფონის რაიონის პროკურორის დავით ლეპერტის განცხადებით, `ზესტაფონის პროკურატურამ გაითვალისწინა ავთანდილ ხვინჩიაშვილის მძიმე მატერიალური მდგომარეობა და მას დასაქმებისთვის საჭირო რეკომენდაცია მისცა, რაც ხვინჩიაშვილების მრავალსულიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის შემოსავლის საშუალება იქნება.~
საქართველოს პროკურატურა დასაქმების პროგრამას პროექტ `საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში ახორციელებს. საზოგადოებაზე ორიენტირებული პროკურატურა გულისხმობს მოქალაქეთა და სამართალდაცველი ორგანოების თანამშრომლობას ადგილობრივ პრობლემათა გადაჭრისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების საკითხებში, დანაშაულისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენაში. `საზოგადოებრივი პროკურატურის" მთავარი პრიორიტეტია დანაშაულის პრევენციაზე ზრუნვა, საზოგადოების მოთხოვნების და პრობლემების გათვალისწინება, სამართალდამცველი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.