საქართველოს ოლიმპიური ნაკრები თბილისში გვიან ღამით დაბრუნდა. ქართველ სპორტსმენებს აეროპორტში ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.
რიგით 31-ე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა სპორტსმენებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მიიღეს - საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველომ 206 ქვეყანას შორის 38-ე ადგილი დაიკავა.
რიო დე ჟანეიროში ოლიმპიური ჩემპიონები ძალოსანი ლაშა ტალახაძე და თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდნენ.
ვერცხლის მედალი ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა მოიგო; ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი, ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი და ძალოსანი ირაკლი თურმანიძე კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.