24 აგვისტოს თელავივის კალათბურთის გუნდის „მაქაბის“ ლეგენდარული ვეტერანი წევრები საქართველოს ეწვევიან.
დორონ ჯამჩი, ტალ ბროდი, ალონ ბებ ზაკენ, ერან ბერგშტეინ, დანი გუტ, გურ ამსტერდამერ, ზახი ბუტბიკა, ლიორ გურშონოვიჩ, რონი ბუსანი, მოტი ბენ დავიდ, ოლსი პერი, დავიდ ქვოდი, დანი ფედერმანი თბილისში სპეციალურად, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მოწვევით, ჩამოდიან და 25 აგვისტოს, თავისუფლების მოედანზე ისრაელური ინვესტიციით აშენებული „Rustaveli Boutique Hotel“-ის გახსნაში მიიღებენ მონაწილეობას, მეორე დღეს კი თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ცნობილ ქართველ ვეტერან კალათბურთელებთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ.
ქართული მხრიდან ითამაშებენ ნოდარ ქორქია, ნიკოლოზ დერიუგინი, თამაზ ჩიხლაძე, პაატა გურასპაული, გია სანაძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, გივი ბიჭიაშვილი, ზაზა ღონღაძე.
ამხანაგური მატჩის დაწყებამდე ისრაელური კომპანია „ლა ბელ სპორტის“ მოცეკვავეთა ჯგუფი ზუმბას იცეკვებს, ქართველი მომღერლები კი რამდენიმე ებრაულ და ქართულ სიმღერას შეასრულებენ.
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის თაოსნობით, სპეციალურად ამ დღისთვის დამზადდა მაისურები ისრაელისადმი სოლიდარობის გამომხატველი წარწერით, რომელიც მაყურებლებს დაურიგდება.
ღონისძიებას დაესწრებიან ისრაელის დელეგაციისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ხოლო მატჩს ისრაელის ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემს.
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს თქმით, თელავივის „მაქაბი“ ერთ-ერთი გამორჩეული ისრაელური ბრენდია და მისი ლეგენდარული წევრების საქართველოში ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ჟესტია. `“ის, რომ „მაქაბის“ მსოფლიო სახელები მონაწილეობას მიიღებენ ისრაელური ინვესტიციით შექმნილ სასტუმროს გახსნაში, ეს ისრაელური პროექტებისა და საქართველოს ბიზნეს გარემოს მხარდაჭერის გამოხატულებაა“ - აცხადებს იციკ მოშე.
ახალ სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა N15ა) თამაში 16:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.
ცნობისთვის: თელავივის კალათბურთის გუნდი „მაქაბი“ მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. მას ისრაელის 60 ჩემპიონატიდან 51 თამაში აქვს მოგებული, არის ევროპის ექვსგზის ჩემპიონი, ხოლო ევროპულ გუნდებს შორის 9-ჯერ ეკავა მეორე ადგილი.