საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაკეთა. ბაქრაძემ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებსა და ქვეყნის მოსახლეობას მიმართა.
"ახლოვდება 30 მაისი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღე, დღე რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი და რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს თუ როგორ გაგრძელებს განვითარებას ქართული სახელმწიფო. ამ ეტაპზე ქართული სახელმწიფო მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს 30 მაისის არჩევნების თავისუფლად, სამართლიანად და დემოკრატიულად გამართვა, მაგრამ არჩევნები ვერ გაიმართება დემოკრატიულად თუ მასში მონაწილეობა არ მიიღო ხალხმა. სწორედ ამიტომ მე გთხოვთ და მოგიწოდებთ ამომრჩევლებს, თითოეულ თქვენგანს, მობრძანდეთ არჩევნებზე, შემოხაზოთ თქვენთვის სასურველი კანდიდატი და პოლიტიკური პარტია, ხმა მისცეთ მათ და ამით მიიღოთ მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნაში", _ განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელობა არა აქვს რომელი პოლიტიკურ პარტიას და კანდიდატს აირჩევს ამომრჩეველი, მთავარია მისვლა არჩევნებზე იმიტომ, რომ თითოეული ხმა ამ არჩევნებში ნიშნავს იმას, რომ არჩეულ ხელისუფლებას ექნება მოსახლეობის ნდობის მანდატი.
"თქვენი ხმა ამ არჩევნებში ნიშნავს იმას, რომ თქვენ მონაწილეობას იღებთ ამ ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღის აღმშენებლობაში და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში. ამიტომ დამოუკიდებლად და განურჩევლად იმისა რამდენად განსხვავებული პოლიტიკური სიმპატიები შეიძლება გვამოძრავებდეს, გთხოვთ თითოეულ ამომრჩეველს მობრძანდით არჩევნებზე და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია", _ განაცხადა დავით ბაქრაძემ და დასძინა, რომ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ არჩევნებზე მოსვლით ის ხმას აძლევთ საქართველოს მომავალსა და საქართველოს ხვალინდელ დღეს.
ამას გარდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას მადლობა გადაუხადა.
"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პოლიტიკურ ძალასა და ყველა კანდიდატს, რომელიც მონაწილეობს საარჩევნო პროცესში. ჩემი შეფასებით ეს საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვნად განსხვავდება წინა არჩევნებისგან იმით, რომ ბევრად ნაკლებია შეტევები, ლანძღვა გინებები და ბრალდებები. ყველა კანდიდატის მხრიდან ჩვენ გვესმის კონკრეტული დაპირებები, კონკრეტული საუბარი საქმეზე და იმ პრობლემებზე რომლებიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას და საზოგადოებას", _ აცხადებს ბაქრაძე და დასძენს, რომ მისი შეფასებით ეს არჩევნები იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში პოლიტიკური კულტურის განვითარებისათვის.
"მინდა იმედი გამოვთქვა, რომ 30 მაისის არჩევნები იქნება წარმატებული და ამ არჩევნებს ეყოლება ერთი მთავარი გამარჯვებული _ საქართველო და ქართული სახელმწიფო. ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ 30 მაისის არჩევნებში გაიმარჯვოს საქართველომ", _ განაცხადა ბაქრაძემ.