დღეს, "ალიანსი საქართველოსთვის" მაჟორიტარობის კანდიდატმა საბურთალოს ოლქში - თინა ხიდაშელმა, თბილისის მერიის წინ სიმბოლური აქცია გამართა, სადაც თბილისელების მიერ მისი მისამართით გაგზავნილი რამდენიმე წერილის პრეზენტაციაც მოახდინა.
ხიდაშელის თქმით, წერილის ავტორები ძირითადად არსებული საყოფაცხოვრებო პირობების გამო მწუხარებას გამოთქვამენ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. ხიდაშელის დაპირებით, იმ შემთხვევაში თუ თბილისელები მოახლოებულ თვითმართველობის და მერის არჩევნებში მხარს "ალიანსს" დაუჭერენ მსგავსი წერილების წერა აღარ მოუწევთ, რადგან ირაკლი ალასანია და "ალიანსი საქართველოსთვის" მათ პრობლემებს მოაგვარებს. ხიდაშელმა სიმბოლურად, წერილები თბილისის მერიასთან დატოვა.
"ამ წერილებს ვტოვებთ აქ, თბილისის ჯერ კიდევ მერთან, 31 მაისიდან კი, ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას და ცვლილებებს იმისათვის, რომ მოსახლეობის პრობლემები მოგვარდეს და პრიორიტეტები სწორედ ამ წერილების ავტორებისნაირი ადამიანები იქნებიან", - განაცხადა ხიდაშელმა.