საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები პოლონეთში გაემგზავრა, სადაც ქალაქ ვლოცლავეკში ამხანაგურ, საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ბერძენი სპეციალისტის, ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი პოლონეთში 13 კალათბურთელით ჩავიდა.
ესენი გიორგი ცინცაძე, მაიკლ დიქსონი, დუდა სანაძე, ბესო ლეჟავა, ლუკა ზაქრაძე, ანატოლი ბოისა, კახა ჯინჭარაძე, თორნიკე შენგელია, ვიქტორ სანიკიძე, ბექა ბურჯანაძე, ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი და ბექა ბექაური არიან. იმ შემადგენლობიდან, რომელიც თბილისის მერიის თასზე ირჯებოდა, გუნდთან ერთად აღარაა ცენტრი გიორგი შარაბიძე.
თბილისიდან ვარშავის რეისით გამთენიისას გაფრენილი კალათბურთელები პოლონეთის დედაქალაქში დილის 9 საათზე ჩაფრინდნენ, საიდანაც 200 კილომეტრით დაშორებულ ვლოცლავეკამდე გზა ავტობუსით 2 საათში დაფარეს. საქართველოს ნაკრები სასტუმრო „ამბერში“ დაბინავდა და 5 წუთის სავალზე მდებარე დარბაზში დღეს, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე ივარჯიშებს.
23 აგვისტოს საქართველოს ნაკრები 2-ჯერ ივარჯიშებს და 24-ში პირველ შეხვედრას გამართავს შვედეთის ეროვნულ გუნდთან. მეორე წყვილში პოლონეთი ბელგიას დაუპირისპირდება. 25 აგვისტოს გამარჯვებულები ერთმანეთს ტურნირის გამარჯვებულის გამოსავლენად დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებულები მე-3 ადგილს გაითამაშებენ.