ცესკოს არჩევნების მეორე დღეს თბილისის მერის ვინაობა 99 პროცენტის სიზუსტით ეცოდინება. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომაზე გაკეთდა. როგორც ცესკოს თავამჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა აღნიშნა, ცესკოში ხმების დათვლა დაიწყება 30 მაისის საღამოსვე არჩევნების დასრულების შემდეგ, როგორც კი საუბნო და საოლქო კომისიებიდან შევა მონაცემები.
მისივე თქმით, ცესკო პირველ რიგში დააჯამებს მერის არჩევნების შედეგებს და ვარაუდობს, რომ 31 მაისს დილის 12 საათამდე ცესკოს მონაცემები შეჯამებული ექნება და მერის ვინაობა 99 პროცენტით ეცოდინებათ. შესაბამისად ამ დროისთვისვე გამოქვეყნდება მერის არჩევნებთან დაკავშირებით პირველადი შედეგები.
ამის შემდეგ, ხარატიშვილის განმარტებით, დაჯამდება პროპორციული არჩევნების შედეგები და ვარაუდობს, რომ ცესკო ამას არჩევნების მეორე დღის ბოლომდე შეძლებს. შემედეგ კი უკვე დაჯამდება მაჟორიტარული არჩევნების და შუალედური არჩევნების შედეგები. მთელ ამ პროცესს კი ხარატიშვილის ვარაუდით ცესკო ორ დღეს მოანდომებს.
გარდა ამისა, ხარატიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ეს ვადები განსაზღვრულია ცესკოს მუშაობისათვის და აქ არ არის გათვალისწინებული გასაჩივრების საკითხი, რაც მისი თქმით, თავისთავად დამატებით დროს მოითხოვს.
ინტერფრაქციულმა ჯგუფმა მოისმინა ინფორმაცია ცესკოსგან თუ როგორ სრულდება წინასაარჩევნო პროცესი და ცესკო რამდენად მომზადებული ხვდება 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.