საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს 5 სექტემბერს ჩაატარებს. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ავსტრიას თბილისში დაუპირისპირდება.
დინამო არენაზე მატჩი 20:00 საათზე შედგება. მატჩისთვის მოსამზადებელ შეკრებას ქართველი ფეხბურთელები 29 აგვისტოს დაიწყებენ. მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებული მატჩისთვის გაფართოებული, 28 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ნაკრებს, წინა შეხვედრების მსგავსად, ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჯაბა კანკავა ვერ დაეხმარება. ვლადიმირ ვაისმა შემადგენლობის დასახელების პარალელურად სასტუმრო „ჰუალინგში,“ მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე უპასუხა.
„ბოლო ამხანაგური თამაშების შემდეგ აქტიურად ვაკვირდებოდი ჩვენს კონკურენტებს,რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში დავუპირისპირდებით. ასევე იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც საქართველოს ნაკრებში მოვიაზრებთ. დავესწარი „დინამო თბილისის“ შეხვედრებს ევროტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ჩვენი პირველი ოფიციალური მატჩისთვის მზადებას სერიოზულად ვიწყებთ, ნაკრების შეკრება 29 აგვისტოს დაიწყება და ყველაფერს გავაკეთებთ,რათა ავსტრიის ნაკრებთან დადებით შედეგს მივაღწიოთ. ნაკრები ოჯახივითაა, თუ ბავშვი კარგად არ იქცევა - შენიშვნა უნდა მისცე. ესპანეთთან მატჩამდე გაკეთებულ ჩემს განცხადებას ფეხბურთელებთან დაკავშირებით სწორედ ასე ვაფასებ, ამ განცხადებას ფსიქოლოგიური გავლენა უნდა მოეხდინა, დადებითი ეფექტი უნდა ჰქონოდა და ვთვლი, რომ ასეც მოხდა ესპანეთთან. თუ ფეხბურთელები დისციპლინით და თავდადებით ითამაშებენ, ჩვენს ნაკრებს ექნება შანსი, კარგი ფეხბურთი აჩვენოს. ნაკრების 11-მა ფეხბურთელმა შეიცვალა საკუთარი კლუბი და ეს დიდი ციფრია, ზოგს ტრავმა აწუხებს. მიხარია,რომ ჯანო ანანიძემ რუსეთის ჩემპიონატი წარმატებით დაიწყო, კლუბი შეიცვალა გიორგი ქვილითაიამ და მინდა მას ავსტრიაში წარმატება ვუსურვო. დაველოდებით ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობას და ვნახავ რამდენად მზად იქნებიან ისინი 5 სექტემბრის თამაშისთვის. რაც შეეხება ჯაბა კანკავას, ის ჩვენი კაპიტანია, დიდი პროფესიონალი და იმედი მაქვს ნაკრებს მალე დაუბრუნდება. ფეხბურთში არის მომენტები, როდესაც გუნდები საკუთარი ლიდერების გარეშე თამაშობენ. მომავალ მატჩში ჯაბას პოზიციაზე შეიძლება კაშია იყოს. ეს მისი პოზიცია არ არის, მაგრამ ამხანაგურ შეხვედრებში საკმაოდ კარგად ითამაშა. იგივე პოზიციაზეა მურთაზ დაუშვილი და გიორგი აბურჯანიაც“.
დღეს პრესკონფერენციაზე, ეროვნული ნაკრების კაპიტნის არყოფნის საკითხს შეეხო ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი.
„ჯაბა ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მან ივნისში გამართული სამი ამხანაგური მატჩი ჯანმრთელობის პრობლემების გამო გამოტოვა და მას დღემდე არ ჩაუტარებია ვარჯიში. ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ყველა ფეხბურთელთან. გუშინ მწვრთნელთან ერთად ვესაუბრეთ ჯაბას და გვითხრა, რომ თავს კვლავ ცუდად გრძნობს. მას ისევ აქვს იგივე ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც წინა თამაშები გამოტოვა. ჯაბამ თავად განაცხადა,რომ ამ ეტაპზე ნაკრებს ვერ დაეხმარება, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ის მალე შემოუერთდება ნაკრებს“ . - განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა
ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო ქუთაისი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი)
მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი)
ნახევარმცველი: ნიკა კვეკვესკირი (გაბალა, აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო თბილისი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ოთარ მარცვალაძე (ორდაბასი, ყაზახეთი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია)