15 აგვისტოს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში იწყება ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში 18-წლამდელ ჭაბუკთა შორის. 15, 16 და 18 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მატჩებს, ბოსნიის, რუმინეთისა და ლატვიის წინააღმდეგ, 18 საათზე დაიწყებს . მეორე ჯგუფში არიან ბელარუსი, მონტენეგრო, ბელგია და ბრიტანეთი. ორ-ორი გამარჯვებული გადის ნახევარფინალში, რომელიც 20 აგვისტოს გაიმართება, ფინალები კვირას, 21 აგვისტოსაა. 17 და 19 აგვისტო დასვენების დღეებია.
2016 წლის ევროპის თვრამეტწლამდელთა ჩემპიონატი, EHF ახალი ფორმატის თანახმად, ოთხი ტურნირისგან შედგება. საკვალიფიკაციო ტურნირები გაუქმდა, ასაკობრივი რეიტინგის 16 საუკეთესო გუნდი 11-21 აგვისტოს ითამაშებს ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატის ტიტულისთვის, ხოლო დანარჩენი 27 ქვეყანა გადანაწილდა სამ ტურნირზე, რომლებიც გაიმართება 15-21 აგვისტოს, საქართველოში, ლიტვასა და ბულგარეთში. ამ სამი შეჯიბრების თითო გამარჯვებული მიიღებს 2018 წლის ოცწლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 16 უძლიერეს გუნდს შორის თამაშის უფლებას.
ჩვენი ჭაბუკთა ნაკრების მიზანი სწორედ პირველი ადგილის დაკავებაა. რამდენად მზადაა გუნდი ამისთვის, შეჯიბრება გამოაჩენს. უკრაინელი მწვრთნელების, ანდრეი პორტნოისა და ოლექსანდრ გურსკის ხელმძღვანელობით, ნაკრები ბოლო სამი თვე ინტენსიურად ემზადებოდა და 7 საკონტროლო მატჩიც გამართა.
თბილისში, აზერბაიჯანის ნაკრების ორჯერ დამარცხების შემდეგ გუნდი გაემგზავრა უკრაინაში, ხოლო უშუალოდ ტურნირის წინ ორჯერ ეთამაშა ბათუმის „შავი ზღვის ბიჭებს“, რომელიც, თავის მხრივ, ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასისთვის ემზადება.
ანდრეი პორტნოი, საქართველოს ნაკრების მთვარი მწვრთნელი: - „უკრაინაში გვქონდა სამი მატჩი. ორჯერ დავმარცხდით მოლდოვის ნაკრებთან, რომელიც საკმაოდ ძლიერი გუნდია და ანალოგიური შეჯიბრებისთვის ემზადება, ბოლოს კი მოვუგეთ უკრაინის უძლიერესი კლუბის, ზაპოროჟიეს მოტორის ახალგაზრდული გუნდს. ჩვენ ამ მატჩებში წმინდა სპორტული მიზანი არ გვქონია, მხოლოდ ტაქტიკურ სქემებს ვხვეწდით და, მე, შეიძლება ითქვას, უკმაყოფილო არა ვარ - განსაკუთრებით, დაცვაში თამაშით, დაცვა კი დღევანდელი ხელბურთის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. კარგია, რომ ტრავმები ავიცილეთ თავიდან.
ფიზიკურად მზად ვართ და ამაში დაგვეხმარა შეკრებაც, რომელიც ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე გავმართეთ. დანარჩენს ტურნირი გვიჩვენებს“.
ბოლო შეკრებაზე ნაკრებში 17 ხელბურთელი იყო. 16-კაციანი განაცხადი კვირა საღამოს, ტექნიკურ მიტინგზე შეივსება. 2015 წლის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან შედარებით, გუნდში 9 ახალი მოთამაშეა.
თბილისში უკვე ჩამოსულია EHF 17-კაციანი დელეგაცია - მსაჯები, დელეგატები, ოფიციალური პირები. ევროპის ხელბურთის ფედერაციის ოფიციალური წარმომადგენელია 1984 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, ხორვატი ლიდია ბოიჩ-ჩაჩიჩი.