აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში შესაძლო ვიზიტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ამ ეტაპზე არ დასტურდება.
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "ჯერჯეორბით უცნობია, კავკასიის ტურნეს ფარგლებში ჩამოვა თუა არა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში.
"იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო და ამერიკა სტრატეგიული პარტნიორები არიან და ჩვენს ქვეყანაში აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტებიც არაერთხელ განხორციელდა, არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს ჰილარი კლინტონიც ეწვიოს, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნულ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ", - განაცხადა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი უახლოეს მომავალში კავკასიის რეგიონში ტურნეს გეგმავს.