თანამედროვე სმარტფონების ერთ-ერთი უდიდესი ნაკლი ბატარეაა, რომელიც ხშირად დღეში რამდენჯერმე იცლება.
როგორც ჩანს, ეს ნაწილობრივ მომხმარებელთა ბრალია, რადგან მას არასწორად ტენიან.
ბევრ მომხმარებელს სჯერა საზოგადოდ გავრცელებული მოსაზრების, რომ ბატარეის მცირე დოზებით ხშირ-ხშირად დატენვა ელემენტს ძლიერ აზიანებს, ამიტომ ცდილობენ, ყოველთვის ბოლომდე დატენონ.
თუ გსურთ, რომ სმარტფონის ბატარეა საუკეთესო პირობებში შეინახოთ და მთელი დღე იმაზე ფიქრი არ მოგიწიოთ, რომ ის მალე დაიცლება, უნდა დაიცვათ სულ რამდენიმე წესი:
არ დატოვოთ სმარტფონი კვების წყაროზე შეერთებული, როცა ბატარეა მთლიანად დატენილია
Battery University-ს ინფორმაციის თანახმად, სმარტფონის შეერთებული დატოვება კვების წყაროზე მაშინ, როცა ბატარეა ბოლომდეა დატენილი, მაგალითად მთელი ღამის მანძილზე, ბატარეის ხანგრძლივი მუშაობისათვის ზედმეტად ცუდია.
როდესაც ბატარეის დამუხტვა 100%-ს მიაღწევს და ამის შემდეგ კვლავ დენში შეერთებული რჩება, ამ დროს იგი ძლიერ სტრესს განიცდის, რაც აუარესებს მის ქიმიურ შემადგენლობას.
ეცადეთ, ბატარეა 100%-მდე არ დატენოთ
Battery University-ს რეკომენდაციის მიხედვით, „ლითიუმ-იონურ ბატარეას ბოლომდე დამუხტვა არ სჭირდება და ეს არცაა სასურველი. უმჯობესია, იგი ბოლომდე არ დამუხტოთ, რადგან მაღალი ვოლტაჟი ბატარეას სტრესულ მდგომარეობაში აყენებს, რაც მის გამძლეობას ამცირებს“.
შეუერთეთ სმარტფონი სატენს ყოველთვის, როცა კი შეგიძლიათ
როგორც ჩანს, სმარტფონებში მოთავსებული ბატარეები თავს ბევრად უკეთ გრძნობენ, როცა მას დღეში რამდენჯერმე ტენით, ნაცვლად ბოლომდე დაცლის შემდეგ ერთი, რამდენიმე-საათიანი დატენვისა.
ტელეფონის დატენვა მაშინ, როცა მას 10% მოაკლდება, საუკეთესო გამოსავალია. რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანისთვის ეს მეთოდი არაკომფორტულია, მაგრამ „დატენეთ ბატარეა ყოველთვის, როცა კი მოგიხერხდებათ“,
შეინახეთ ბატარეა ცივ პირობებში
სმარტფონის ბატარეა ზედმეტად მგრძნობიარეა მაღალი ტემპერატურის მიმართ. დატენვის პროცესში გადახურების შემთხვევაში, ტელეფონს უნდა მოხსნათ ყოველგვარი დამცავი, რასაც კომპანია Apple-იც ურჩევს iPhone-ის მომხმარებლებს. მზის გულზე გასვლისას კი აუცილებელია სმარტფონი დამცავით იყოს დაფარული, რაც ბატარეის „ჯანმრთელობას“ დაიცავს.