მექსიკაში, მაიას ცივილიზაციის უდიდეს ქალაქ პალენკეს ნანგრევებში, ე. წ. წარწერების ტაძრის ქვეშ, არქეოლოგებმა მიწისქვეშა წყლის გვირაბების ქსელი აღმოაჩინეს; ტაძარში მაიას მმართველი, სახელად პაკალია დაკრძალული.
არქეოლოგ არნოლდო გონსალესის განცხადებით, პირამიდა და საფლავი ახ. წ. 683-702 წლებშია აშენებული. ტუნელში წყალი სამარხი ოთახიდან ტაძრის წინ, ფართო ესპლანდისკენ მიემართებოდა, რაც პაკალის სულის მიწისქვეშა სამყაროსაკენ მიმავალ გზას განასახირებდა.
წარწერების ტაძარი, რომელიც გაუვალ ჯუნგლებში, სამხრეთ მექსიკის შტატ ჩიაპასში მდებარეობს, ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური კონსტრუქციული პროექტია, რაც კი ოდესმე მაიას ხალხს აუშენებია.
მეოცე საუკუნის შუა წლებამდე არქეოლოგებს მიაჩნდათ, რომ მაიას პირამიდები სამარხებად არ გამოიყენებოდა, თუმცა ყველაფერი 1952 წელს შეიცვალა, როდესაც მექსიკელმა არქეოლოგმა ალბერტო რუის ლუილიერმა წარწერების ტაძარში საიდუმლო კიბე აღმოაჩინა, რომელიც სამარხისკენ მიემართებოდა. საფლავში ძვირფასეულობითა და ჰადეს მოზაიკის სიკვდილილის ნიღბით მორთული ჩონჩხი აღმოჩნდა. დადგინდა, რომ ძვლები მეშვიდე საუკუნის მაიას ლეგენდარულ მეფეს, პაკალს ეკუთვნოდა. ცნობილია, რომ პაკალი მაიას ერთ-ერთი დიდებული დინასტიის წარმომადგენელი იყო და სწორედ მან ბრძანა ამ პირამიდის აშენება. სამარხში 640 წარწერა იპოვეს, რომლებიც პაკალის მმართველობას აღწერდნენ მის სიკვდილამდე, ახ. წ. 683 წლამდე.
რამდენიმე დღის წინ, მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის არქეოლოგებმა საზოგადოებას აუწყეს, რომ ამერიკის ყველაზე დიდ სამარხ მონუმენტზე, შენობის შიგნით, მიწისქვეშა წყლის სადინარი სისტემა აღმოაჩინეს, რომელიც მეფე პაკალის სამარხის ქვეშ მდებარეობდა. წყლის ტუნელები გაედინება როგორც უშუალოდ სამარხის, ისე მთელი პირამიდის ქვეშ.
ტუნელები საკმაოდ ვიწორა და მასში ადამიანის შეღწევა შეუძლებელია, რის გამოც არქეოლოგთა ჯგუფმა სპეციალურ მავალებზე დამონტაჟებული კამერები გამოიყენა. საკმაოდ ჩახლართულ არხთა სისტემას რამდენიმე დონე და წყლის სხვადასხვა მიმართულება აღმოაჩნდა. არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეს არხები პირამიდის აშენებამდეც არსებობდა და შესაძლოა ქალაქ პალენკეს სადრენაჟო ან წყალმომარაგების ნაწილს წარმოადგენდა. იმის გამო, რომ მიწისქვეშა არხებში წყალი დღესაც გაედინება, მისი წყარო სავარუადოდ ბუნებრივი ნაკადულია.
„გვჯერა, რომ ნაკადული სწორედ იქიდან იღებდა სათავეს, სადაც შემდეგ ტაძარი აშენდა და ამის მიზანი იყო მბრძანებელი დაეკავშირებინათ წყლის სათავესთან. ასევე მიგვაჩნია, რომ პალენკეს ხალხმა მსგავსი ჰიდრავლიკური სისტემა დააპროექტა იმისათვის, რათა შეექმნა ერთგვარი მეტაფორა პაკალის მიწისქვეშა სამყაროში გასამგზავრებლად“, — აღნიშნავს პალენკეს არქეოლოგიური პროექტის ხელმძღვანელი, არნოლდო გონსალესი.
კავშირი წყლის კალაპოტებსა და მაიას სიკვდილისშემდგომი ცხოვრების რწმენას შორის დასტურდება პაკალის სამარხში აღმოჩენილ წარწერებზეც, სადაც ნათქვამია, რომ შემდეგ ცხოვრებაში გადასასვლელად, მეფეს ესაჭიროებოდა ჩაძირულიყო წვიმის ღმერთ ჩააკის წყალში, რომელიც მას სხვა სამყაროში გადაიყვანდა. წყლის სიმბოლური ტუნელები მთელი კოლუმბამდელი ამერიკის მასშტაბითაა აღმოჩენილი.
აღსანიშნავია, რომ ამ აღმოჩენამდე, მეცნიერები სამარხის ქვეშ არხების ნაცვლად კიდევ ერთი საიდუმლო ოთახის არსებობას მოიაზრებდნენ. ჯერჯერობით გაურკვეველია, კონკრეტულად სად იწყება წყლის არხები და მათი სიგრძე. მექსიკელი არქეოლოგები კვლევას აგრძელებენ.