თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის "ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატი ინგა გრიგოლია დავით საგანელიძის სასარგებლოდ კახა კუკავას მიერ კანდიდატურის მოხსნას "ერთგვარ თამაშს" უწოდებს.
"თუ კუკავას ერთი ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება რეალურად სურდა, ამ გადაწყვეტილებას 20 მაისამდე მიიღებდა. მისი გვარი საარჩევნო ბიულეტენში უკვე დაფიქსირებულია. იმის გათვალისინებით, რომ ყველამ არც კი იცის, რას ნიშნავს სხვის სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნა და შესაძლოა, კუკავას ამ გადაწყვეტილების შესახებ ბევრმა ვერც კი გაიგო, გამორიცხული არ არის, კახა კუკავას მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა საარჩევნო ბიულეტენზე ისევ მისი გვარი შემოხაზოს. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ მისი გადაწყვეტილება იყო ხელოვნური, ერთგვარი თამაში, ხალხისთვის თავის მოწონება და არა რეალურ შედეგზე ორიენტირებული", _ განაცხადა ინგა გრიგოლიამ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას დღეს, "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში.
შეგახსენებთ, რომ "ეროვნული საბჭოს" წარმომადგენელმა კახა კუკავა, რომელსაც კენჭი ვაკეში უნდა ეყარა, საკუთარი კანდიდატურა "ალიანსელი" დავით საგანელიძის სასარგებლოდ გუშინ მოხსნა.