აშშ-ში საქართველოს ელჩის ბათუ ქუთელიას განცხადებით, ჩვენი ქვეყნის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა არ შენელებულა.
"პირიქით, ის ახალ ეტაპზე გადავიდა - მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად ვითარდება. ამის დასტურია ის სიტყვები, რომელიც ფილიპ გორდონმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე წარმოთქვა და ის ხალხი, რომელიც ამ მიღებაზე მობრძანდა. ეს არის ხალხის ჯგუფი, რომელიც საქართველოზე ყოველდღიურად მუშაობს და წვლილი შეაქვს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გამყარებაში", - განაცხადა ქუთელიამ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გუშინ, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიღება გაიმართა. მიღებაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად საქართველოსთან ერთად იმუშავებს.