დღეს, 27 მაისს, ამომრჩევლებს სპეციალური ბარათები დაურიგდებათ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცესკოში განუცხადეს, ბარათებში მითითებულია კენჭისყრის თარიღი; კენჭისყრის შენობის მისამართი; ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა ერთიან სიაში; საარჩევნო უბნის ნომერი; ამომრჩევლის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი; მისი რეგისტრაციის ადგილი.
ამასთან, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა კენჭისყრაში მისი მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი ვერ გახდება.
აღსანიშნავია, რომ დღესვე ცესკო 30 მაისის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სპეციალურ სიებს დაამტკიცებს. სპეციალურ სიაში შეყვანილია საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიაში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს თავიანთ საარჩევნო უბანში ხმას ვერ აძლევენ; ამომრჩევლები, რომლებიც საავადმყოფოში წვანან და იქიდან კენჭისყრის დღისათვის ვერ გაეწერებიან; კენჭისყრის დღისთვის წინასწარ პატიმრობაში მყოფი ამომრჩევლები; საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სამხედრო (გასამხედროებული) ძალებისა და შენაერთების ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები; ამომრჩევლები, რომლებიც ჩამოვიდნენ საზღვარგარეთიდან, გამოვიდნენ ციხიდან ან გამოეწერნენ საავადმყოფოდან _ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მათ შესაბამისი დაწესებულებები 14 მაისის შემდეგ დატოვეს და, შესაბამისად, კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-16 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში სათანადო ცვლილების შესატანად მიმართვა ვერ მოასწრეს. კერძოდ, ლაპარაკია ისეთ შემთხვევაზე, თუკი მათი რომელიმე მონაცემი ამომრჩეველთა ერთიან სიაში დაზუსტებული იყო ან ისინი სიაში გამოტოვებულნი იყვნენ.