დღეს, 27 მაისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ევროკავშირის სადამკვირვებლო დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდება.
დავით ბაქრაძე დამკვირვებლებს საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს, წინასაარჩევნოდ პარლამენტის მიერ შესრულებულ სამუშაოებს გააცნობს და არსებული შესაბამისი გარემოს შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.
პარლამენტის სპიკერის განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლების საქართველოში ყოფნა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების გარანტიაა.
"ჩვენი ამოცანაა მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველოში არჩევნები ტარდება თავისუფლად, დემოკრატიულად და ევროპული სტანდარტების შესაბამისად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან იყოს ბევრი დამკვირვებელი და მათ საკუთარი თვალით იხილონ, როგორ მიმდინარეობს აქ საარჩევნო პროცესი", - აცხადებს დავით ბაქრაძე.
ევროკავშირის დამკვირვებლები საქართველოში ქვეყნის ხელისუფლების მოწვევით ჩამოვიდნენ. დელეგაციის წევრებს დღესვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მიიღებს.