რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილის შეფასებით, აფხაზეთში დღეს დაგეგმილი წვრთნებით რუსეთის საოკუპაციო ძალები იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ რეგიონში სიტუაციას თავად აკონტროლებს.
"ამ სწავლებებით საოკუპაციო რეჟიმი ადგილობრივ მოსახლეობას უჩვენებს, რომ რეგიონში ვითარებას სწორედ ის აკონტროლებს. ამასთან, ეს ძალა რაღაცით ხომ უნდა დასაქმდეს, რომ აფხაზეთში მისი ყოფნა გამართლებული იყოს და ამიტომაც წვრთნებით ასაქმებენ", - აცხადებს იაკობაშვილი.
გარდა ამისა, ის მიიჩნევს, რომ "ეს არის ძალიან უნიჭო პასუხი საქართველოში გუშინ გამართული აღლუმისა".
შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 მაისს, აფხაზეთში მორიგი ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყება.
სწავლებები ორი დღის განმავლობაში, გაგრის რაიონში გაიმართება. მასში გაგრის ე.წ. კომისარიატი და ე.წ. მოტომსროლელი ბრიგადა ჩაერთვება.
წვრთნებს რუსეთის საოკუპაციო ძალების მაღალჩინოსნები დააკვირდებიან.